„ბლუმბერგი“ - დემოკრატიის შეზღუდვის გამო ევროკავშირმა სლოვაკეთს, შესაძლოა, დაფინანსება შეუჩეროს
ევროკავშირმა სლოვაკეთს დემოკრატიის შეზღუდვის მიზეზით, შესაძლოა, დაფინანსება შეუჩეროს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „ევროკავშირი ამზადებს წინადადებას სლოვაკეთის დასასჯელად დემოკრატიული რეფორმების შეჩერების გამო“. სტატიის მიხედვით, განხილვის პროცესშია ბრატისლავისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფინანსური სახსრების დაბლოკვა. სააგენტოს წყაროების თქმით, ეს არის პასუხი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს სპეციალური პროკურორის ოფისი, რომელიც ევროპული ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებულ მრავალ კორუფციულ საქმეს ზედამხედველობდა.
წყაროების ცნობით, პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა და ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანხმობა სჭირდება.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, სლოვაკეთის სახელმწიფო ინვესტიციების თითქმის 80 პროცენტი ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდება. როგორც 1ბლუმბერგი“ წერს, ამ ფონდებზე წვდომის ნებისმიერი შეზღუდვა სერიოზული დარტყმა იქნება სლოვაკეთისთვის, სადაც უკვე ფიქსირდება გადაჭარბებული საბიუჯეტო დეფიციტი.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ისეთი მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, შეაჩეროს თითქმის 13 მილიარდი ევრო, რომელიც სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტით არის გამოყოფილი. ევროკომისია ასევე განიხილავს სლოვაკეთისთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი 2.7 მილიარდი ევროს სუბსიდიების ნაწილის ან მთლიანი თანხის შეჩერების შესაძლებლობასაც. სლოვაკეთში სპეციალური პროკურორის ოფისის დაარსება ამ თანხების გამოყოფის ერთ-ერთი პირობა იყო.
2023 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ რობერტ ფიცო ბრიუსელის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება თავისი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვას და სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმებას, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების მრავალ კორუფციულ საქმეს იძიებდა.