„ბლუმბერგი“ - დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ
„ბლუმბერგის“ ცნობით, დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ. ამის შესახებ „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ უთხრა.
მისივე ცნობით, იმ ხომალდების 40%, რომლებსაც რუსული ნავთობი ბალტიისა და შავი ზღვის გავლით გააქვთ, დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით და ისინი ვალდებული არიან, დაიცვან ზღვრული ფასი, თუმცა ბევრი გემთმფლობელი და სადაზღვევო კომპანია ამბობს, რომ არ აქვთ შესაძლებლობა, დაადგინონ პროდუქციის ზუსტი ფასი. ამასთან ერთად, ბევრ გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის გადაზიდვაშია ჩართული, კვლავაც ლონდონში აზღვევენ.
როგორც გამოცემა წერს, ბევრ სადაზღვევო კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ნავთობის შეძენის შესახებ ცნობის წარდგენა, სადაც ნათქვამია, რომ ის ზღვრულ ფასად არის შესყიდული, საკმარისი არ არის.
ცნობილია, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ერთი ბარელი „ურალსის“ ტიპის ნავთობის ზღვრულ ფასად 60 დოლარი დააწესეს.
18 აგვისტოს „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ სანქციებით დაემუქრა თურქულ კომპანიებს, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობაში მონაწილეობენ. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შეძლო ნავთობის ზოგიერთ ბაზარზე წილის გაზრდა. მაგალითად, რუსეთი უზრუნველყოფს ინდოეთში ნავთობის 40%-ს, როცა ომამდე რუსეთის წილი 3% იყო.
მანამდე გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერდა, რომ რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით იყიდება პორტ კოზმინოს გავლით პრიმორიეს მხარეში და ერთი ბარელის ფასი 73 დოლარს შეადგენს.
დეკემბერში ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ რუსეთი აყალიბებს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც დაახლოებით 100 მოძველებულ ტანკერს აერთიანებს და ამ ხომალდებით ნავთობის გადაზიდვა ხდება სანქციების გვერდის ავლით ინდოეთში, ჩინეთსა და თურქეთში.