„ბლუმბერგი“ - დასავლეთში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ომის დასრულების საკითხში მეტი მოქნილობა გამოიჩინოს
უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით პოზიცია შეარბილოს.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც გამოცემა ნატო-სთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, შეინიშნება ვოლოდიმირ ზელენსკის მზაობა, ომის დასრულების საკითხში „მეტი მოქნილობა“ გამოიჩინოს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საჯაროდ ზელენსკი გამორიცხავს უკრაინის სუვერენიტეტისა ან ტერიტორიის საკითხზე „ვაჭრობის“ შესაძლებლობას. თუმცა, ამავდროულად, როგორც სააგენტო აღნიშნავს, უკრაინელი მაღალჩინოსნები გამოთქვამენ მზადყოფნას აღიარონ, რომ „ომს ბოლო უნდა მოეღოს“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, პოზიციის ცვლილება ზელენსკის ამ კვირაში „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე უნდა ეჩვენებინა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან ომის დასრულების უფრო კონკრეტული გეგმის წარდგენის მოთხოვნით ზეწოლა იზრდება, ფრონტზე არსებული სიტუაციის, დაფინანსებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაურკვევლობის ფონზე.
სააგენტო წერს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების ცენტრალური ელემენტი უნდა იყოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. თუმცა, ეს არის საკითხი, რომელზეც უკრაინის მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის მოკავშირეები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე ზეწოლას ახდენენ, რათა მან კიევს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა გაუგზავნოს, რაც, როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, კრემლთან მოლაპარაკებებისას შეიძლება, პოტენციური კოზირი გახდეს.
ამასთან სააგენტოს წყარო, რომელიც იცნობს ნატო-ში მიმდინარე განხილვებს, ამბობს, რომ ნებისმიერი წინადადება, გარდა სრულფასოვანი წევრობისა, უკრაინას რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, როდესაც საქმე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებამდე მივა.
ამავე წყაროს თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასასურველ ნაბიჯად მიიჩნევს, გაურკვეველია, რა ფორმულამ შეიძლება აიძულოს ყველა მხარე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.