„ბლუმბერგი“ - ბერმუნდის სასამართლო ბიძინა ივანიშვილისთვის თაღლითობის შედეგად მიყენებული 607 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის კლიენტის, ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის თაღლითობის შედეგად მიყენებული ზარალი 607 მილიონ დოლარად არის შეფასებული, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.
ბერმუნდის სასამართლო ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, შეფასების თანახმად, თაღლითურმა სქემამ, რომელსაც ერთ-ერთი ყოფილი ბანკირი უძღვებოდა, ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი დააკარგვინა. ეს თანხა დაასახელა სამშაბათს ბერმუდის უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარე მოსამართლემ, ნარინდერ ჰარგუნმა, მას შემდეგ, რაც მან საქმის ორივე მხარის ბუღალტრებს მარტში დაავალა, ბიძინა ივანიშვილის დანაკარგების უფრო ზუსტი შეფასება წარედგინათ. სამი თვის წინ ჰარგუნმა ზარალის თანხად 553 მილიონი დოლარი დაასახელა, ხოლო აპრილში Credit Suisse-მა განაცხადა, რომ ელოდება სასამართლო განაჩენს დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ოდენობით.
შვეიცარიული ბანკის ადვოკატმა, ჯონათა ქროუმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავმჯდომარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს და აღიარებს დაკორექტირებულ თანხას 607 მილიონი დოლარის ოდენობით.
სასამართლო მოსმენის დასასრულს ჰარგუნმა განაცხადა, რომ ბუღალტრებთან შეთანხმებული 607 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
მარტში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ გააკრიტიკა Credit Suisse Life და განაცხადა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილება თვალს ხუჭავდა მსჯავრდებული თაღლითი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის სამართალდარღვევებზე. ბანკის ცნობით, 2018 წელს გამართლებული ბანკირი მარტო მოქმედებდა და თავის თაღლითურ საქმიანობას მალავდა.
ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წლიდან გრძელდება.