„ბლუმბერგი“ - აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების შესახებ კენჭისყრა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდოს
აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების შესახებ კენჭისყრა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინის დახმარების შესახებ კენჭისყრა, სულ მცირე, აპრილის შუა რიცხვებამდე ჩატარდეს.
ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გუნდს არ გაუზიარებია რესპუბლიკელი დეპუტატებისთვის დახმარების პაკეტის დეტალური გეგმა და, როგორც ჩანს, არ არის გადაწყვეტილი, რა დათმობებზე წავა ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რაც ართულებს მხარდაჭერის მოპოვებას მომავალი კვირის კენჭისყრისთვის.
მაიკ ჯონსონის წარმომადგენელმა, ტეილორ გოულსიმ განაცხადა, რომ სპიკერის დაპირება სწრაფი მოქმედების შესახებ არ ისახავდა მიზნად კონკრეტული ვადის დაწესებას და რომ ჯონსონი უსმენდა პარტიის წევრებს გეგმის მიხედვით.
ამასთან, რესპუბლიკელების ორმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯონსონს ჯერ კიდევ შეუძლია, გაიტანოს უკრაინის დახმარების გეგმა შაბათ-კვირას და დააჩქაროს დამტკიცება მომავალ კვირას. თუმცა „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ასეთმა დაჩქარებულმა განრიგმა შეიძლება, გამოიწვიოს კანონპროექტის ჩავარდნა, ასევე შემდგომი დაპირისპირება რესპუბლიკურ პარტიაში.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, მათ შორის, სასესხო დახმარების შესაძლო გაცემას.