Bloomberg - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დონბასში კონფლიქტის დასარეგულირებლად რეფერენდუმის გამართვა შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დონბასში კონფლიქტის დასარეგულირებლად რეფერენდუმის გამართვა შესთავაზა.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა გუშინ უცხოეთში რუსეთის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე დახურულ კარს მიღმა ისაუბრა.
სააგენტო შეხვედრაზე მყოფ ორ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზება გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით რეფერენდუმის გამართვას, რომელზეც უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიის მოსახლეობა აღნიშნული რეგიონების სტატუსს გადაწყვეტს.
როგორც Bloomberg-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რეფერენდუმის იდეა არ გაესაჯაროვებინა, რათა აშშ-ის ჰქონდეს დრო შეთავაზების განსახილველად.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა უარი განაცხადა, ესაუბრა იმის დეტალებზე, თუ რა ისაუბრეს აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა ჰელსინკის სამიტზე. თუმცა პესკოვმა აღნიშნა, რომ განიხილებოდა ახალი იდეები, რომლებზეც მუშაობა გაგრძელდება.