ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის მერიისგან შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების განთავსების ნებართვას ითხოვს
ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის მერიისგან შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების განთავსების ნებართვას ითხოვს

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსანდრე ბარამიძე თბილისის მერიისგან შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების განთავსების ნებართვას ითხოვს.

​მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის მხარდამჭერებმა მერიაში ამ მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

როგორც ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის წარმომადგენლებმა მთაწმინდაზე მეორე ტურის დანიშვნის მეორე დღესვე ჩამოხსნეს შალვა შავგულიძის პლაკატები, მისი კონკურენტის, ლადო კახაძის ბანერები კი დატოვეს, რისი უფლებაც, ბარამიძის თქმით, მერიას არ ჰქონდა.

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერია დისკრიმინაციაში 25 მაისს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში განაცხადეს, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის პარტიის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ბანერები მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხ მისამართზე: მელიქიშვილის, ბარნოვის, ჭონქაძისა და ასათიანის ქუჩებზე ჩამოხსნეს და გადაწყვეტილება მერიამ თვითნებურად მიიღო.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტულ ადგილებზე ბანერის განთავსების უფლება არ ჰქონდათ.