ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გახსნიდან მალევე დაიხურა მხარეთა შუამდგომლობით, მიზეზი საქმის მასალებში არსებული პერსონალური მონაცემები გახდა. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
„უჩა აბაშიძეს პატიმრობა შეეფარდა. ჩემი და უჩას ოჯახის შეთანხმება იყო აღკვეთის ღონისძიების პროცესამდე მისი ინტერესების დაცვა. დღეს დავემშვიდობე უჩას. საქმესთან დაკავშირებით ვერ ვსაუბრობთ, რადგან გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი და გაფრთხილებული ვართ“, – განაცხადა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
მარიამ იაშვილის ადვოკატის ნათია კორკოტაძის თქმით კი, საქმეში გუშინ ჩაერთო და ჯერჯერობით მასალებს არ გაცნობია.
„გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე გვაქვს მოწერილი ხელი. გუშინ გვიან ჩავერთე საქმეში. არ მქონია საშუალება, რომ მენახა კადრები, გავეცნობი საქმის მასალებს და თუ რამე არის შესაძლებელი ხელწერილიდან გამომდინარე, რისი თქმის უფლებაც მექნება, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გეტყვით. ტელევიზიით რა კადრებიც გავრცელდა, ისიც არ მინახავს. დუმილის უფლებას იყენებს. იმ კვირაში აუცილებლად ვინახულებ მას. აღკვეთის გარეშე მოვითხოვე შუამდგომლობა და ალტერნატივის სახით დავაყენე 1 000 ლარის გირაოს შეფარდების საკითხი, ვადაც მოვითხოვე 30 დღე“, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მიუღლეს ბრალდება წარედგინათ.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.
„ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.