„ბლექ სი არენაზე“ ვერდის ფესტივალის დასკვნითი საღამო – „ოპერა გალა“ გაიმართა, სადაც შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან.
გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები: სუზანა ბრანკინი, დანიელა ბარჩელონა, სერხიო ესკობარი, გაბრიელე ვივიანი და დეიან ვაჩკოვი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.
კონცერტს პიერ ჯორჯო მორანდი დირიჟორობდა.
ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს, პირველად გაიმართა იტალიის ფარგლებს გარეთ. პარმის ოპერის სამეფო თეატრთან, რომელიც ვერდის ფესტივალის ლიცენზიის მფლობელია, გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვერდის ფესტივალის წლევანდელი მასპინძელი გახდა. ფესტივალი 16 აგვისტოს თბილისში „ბალ-მასკარადის“ პრემიერით გაიხსნა.