15 აგვისტოს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage-ი L’Impératrice-ის კონცერტს უმასპინძლებს.
Front Stage-ი Black Sea Arena-ის ექსპერიმენტული სცენაა და ღონისძიებების ღია სივრცეში გამართვის შესაძლებლობას იძლევა.
„L’Impératrice ფრანგული დისკო-პოპ ბენდია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L’Impératrice-ს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ ბენდად ჩამოაყალიბა. ბენდის წევრები არ მალავენ, რომ მათი მთავარი შთაგონების წყარო Daft Punk იყო.
ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში L’Impératrice-მა უკვე ორი ალბომი და რამდენიმე მინი ალბომი ჩაწერა. ფრანგული ბენდისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სინგლები Sonate Pacifique და Agitations Tropicales.
ბენდის ბოლო ნამუშევარი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ ამ ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოს და კონცერტს Black Sea Arena-ის ეზოში გამართავს“, – აცხადებენ საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციაში.
L’Impératrice-ის ბილეთების შეძენა 2 მაისის 12:00 საათიდან, Black Sea Arena-ის ვებგვერდ www.bsa.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი. ბილეთები კალათებად გაიყიდება: პირველი კალათა – 80₾; მეორე კალათა – 100₾ და კარზე – 120₾.