ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით.
მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 8.2 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.1 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.6 პროცენტი კი, სხვა დარგებზე ნაწილდება.
2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (20.9 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.7 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.
საქსტატის ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ, შესაბამისად 26.4 პროცენტი, 12.6 პროცენტი და 10.2 პროცენტიანი წილებით. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი, 10.1 პროცენტიანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.7 პროცენტი).
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 76.9 პროცენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.6 პროცენტი, ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტი, იმერეთი – 3.3 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.8 პროცენტი. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.6 პროცენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9.6 პროცენტი, იმერეთი – 6.7 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.7 პროცენტი.