ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.5-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 8.8-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.6-პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.5-პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
ამასთან, 2019 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.5 პროცენტი) და მშენებლობა (20.8 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.2-პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.6-პროცენტიანი წილი უჭირავს.
საქსტატის ცნობით, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად, 26.2 პროცენტი, 12.9 პროცენტი და 10.3-პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.8 პროცენტი):
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქალაქი თბილისი – 75.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 7.7 პროცენტი, ქვემო ქართლი – 4.4 პროცენტი, იმერეთი – 4.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.6 პროცენტი. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქალაქი თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 64.2 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.1 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.8 პროცენტი, იმერეთი – 5.9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქალაქი თბილისი – 64.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.