ბიზნესომბუდსმენი თელავში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს (ბია) წარმომადგენლებთან ერთად, თელავში ადგილობრივი ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
ბიზნესომბუდსმენმა რეგიონული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობა გააცნო და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მათ კითხვებსაც უპასუხა.
„ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში შეხვედრებს და დღეს კახეთის რეგიონის მეწარმეებს შევხვდით. კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლითაც შეგვიძლია მათ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. გვქონდა საკმაოდ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი. მეწარმეებმა ისაუბრეს ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე. საკითხების წრე მრავალფეროვანი იყო“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი განმარტებით, ყველა რეგიონში და მათ შორის კახეთშიც აქტუალურია დაფინანსებაზე მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა.
„ასევე, გამოიყო ისეთი თემები, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. შეხვედრაზე დასმული საკითხების ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი, სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
ამავე შეხვედრაზე „ბია“-ს გუნდმა კახეთის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები და კახეთის რეგიონის სტატისტიკა წარუდგინა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, ირაკლი ლექვინაძე მეწარმეებს უკვე გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში შეხვდა.