ბიზნესომბუდსმენი მთავრობას მიმართავს, კონსულტაციებამდე ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის არსებული მოცემულობა შენარჩუნდეს
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მთავრობას მიმართავს, კონსულტაციების გამართავდე ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის არსებული მოცემულობა შენარჩუნდეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის №162 ბრძანებას, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმების შესახებ, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესთან კომუნიკაციაში ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნას უწოდებს.
ლექვინაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ არც ერთ ბიზნესასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია.
„იმპორტის გადასახდელების გადახდის 30 დღიანი ვადით ე.წ ოქროს სიის მონაწილე 217 კომპანია სარგებლობდა და ჩვენთვისაც და აღნიშნული კომპანიებისთვისაც 3 ივნისს ამოქმედებული ახალი წესი სრულიად მოულოდნელი იყო. აღნიშნულის შესახებ არც ერთ ბიზნესასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია. ბრძანებას ხელი მოეწერა 31 მაისს, მაცნეში გამოქვეყნდა 3 ივნისს, ინფორმაცია გავრცელდა 5 ივნისს და 217 კომპანია დადგა ფაქტის წინაშე, რომ არარეალურად მოკლე ვადაში შეცვალოს ფინანსური მოდელი, რაც შეუძლებელია“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
მისი შეფასებით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღწევა.
„მსგავსი უცაბედი და ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების პირობებში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს არ აქვთ სტაბილური განვითარების და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალება, რაც აზიანებს მოქმედ კომპანიებს“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.
ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას, დაიწყონ კონსულტაციები ბიზნესთან, მანამდე კი, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებისთვის არსებული მოცემულობა შენარჩუნდეს.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.