ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოში მოქმედ დარგობრივ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესს მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის გახსნის, სამუშაო ადგილებზე ვირუსის პრევენციისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ბიზნესსეექტორებთან მთავრობის შესაბამისი უწყებებისგან კომუნიკაცია გაგრძელდება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დარგობრივ ასოციაციებთან. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომელიც ბიზნეს აქვს დღეს და, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ით. ვიმსჯელეთ თუ, როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინაცია, რომ ბიზნესმა საქმიანობის განახლების შემდეგ შეძლოს, დაიცვას ყველა სტანდარტი და რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ბიზნესს დღეს აქვს გამოწვევები და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო კოოპერაციით შესაძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა და ბიზნესის ყველა პრობლემაზე დროული პასუხი, პირველ რიგში რეკომენდაციებით და გაიდლაინების მიცემით, როგორ დაიცვან თავი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საფუძველი, რომ ბიზნესი დროულად გაიხსნას, დროულად ამოქმედდეს, კვლავ შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაუბრუნდეს ნიშნულს, რომელიც არსებობდა COVID 19-მდე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, მენაშენეთა ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რითეილის ასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციაციის, მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის და სალამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენლები.