ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესომბუდსმენის პოსტზე ირაკლი ლექვინაძე წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ლექვინაძის გამოცდილებაზე და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის როლზე ისაუბრა.
„გვინდა, წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მოადგილე. პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი ლექვინაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.