საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი იქნება.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ბიზნესომბუდსმენად დაუშვილი დღეიდან დაინიშნება.
პრემიერმა ბიზნესომბუდსმენის ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მიხეილ დაუშვილი მათ თავს ღირსეულად გაართმევს.
„გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეიდან ბიზნესომბუდსმენად დაინიშნება. მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს ყველას ერთად, შევქმნათ ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერა ბიზნესის, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს, იქნება მიხეილ დაუშვილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს ამოცანას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მან სამინისტროებს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება, საშუალო თუ წვრილი, მინდა, ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხვდება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამიტომ ეს ეფექტიანი თანამშრომლობა, ეფექტიანი ბრმა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კოლეგებო სამინისტროებში, მინდა, გთხოვოთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენობამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სამართალმცოდნეობის მაგისტრი მიხეილ დაუშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ასევე – სამართლებრივი მრჩეველი ეკონომიკური საბჭოს აპარატში. 2010-2015 წლებში მიხეილ დაუშვილი კერძო და არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. 2015 წლიდან არის მიწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები 11 ნოემბერს დატოვეს.