ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ხმალი გადასცა
საქართველოს სახელმწიფოს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან საჩუქრად ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადაეცა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად სამინისტროში ბრიფინგი გამართა.
დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ვიდრე ხმალი საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, ხიდაშელის ხარჯით და დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ.
დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.
თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატი ეროვნულ მუზეუმში განთავსდება.
„საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.