ბიზნესისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა
საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის – ამ სათაურით აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს EuCham, სადაც საქართველო მინიჭებული 69 ქულით, ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილს იკავებს.
კვლევა დაფუძნებულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსებზე, ორ ძირითად ინდიკატორზე.
ესენია ბიზნესის კეთების ანგარიში და კორუფციის აღქმის ინდექსის ქულა. EuCham-ის მინიჭებული ქულა საერთო ჯამში დგინდება კორპორატიული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური კლიმატისა და პირობების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ან ხელს უშლის კერძო სექტორის ქმედებებს დაიწყოს, მართოს და გაფართოვდეს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
EuCham-ის რეიტინგში შეფასება ნულიდან 100-მდე ქულით ხდება, სადაც ნული ყველაზე დაბალ, ხოლო 100 – საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. სიის სათავეში მყოფი დანიის რეიტინგი – 86 ქულაა. ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყანათა პირველ ხუთეულს: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ EuCham-ის წლევანდელ რეიტინგში მაჩვენებელი ორი პოზიციით გაიუმჯობესა. 2017 წლის ანგარიშში, საქართველო მე-20 ადგილზე იყო, 68.60 ქულით.