ბიზნეს ასოციაცია - გამკაცრებულმა რეგულაციებმა და ადმინისტრირებამ სანავთობო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მასშტაბი დაგვანახა
ბიზნეს ასოციაცია - გამკაცრებულმა რეგულაციებმა და ადმინისტრირებამ სანავთობო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მასშტაბი დაგვანახა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებებისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგად სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.

კერძოდ, როგორც კომიტეტში აცხადებენ, 2020 წლის შვიდი თვის მონაცემების თანახმად, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით გაიზარდა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც ცალსახად მიუთითებს ადმინისტრირების კუთხით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე.

ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, იმპორტის ზრდა ფიქსირდება პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების ფონზე, როდესაც საგრძნობლადაა შენელებული ბიზნესოპერატორების აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ბენზინის იმპორტის კუთხით, ანალოგიურ პერიოდში, შარშანდელთან შედარებით 1,4- პროცენტიანი კლებაა, რისი მიზეზიც სწორედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიაა. დიზელის იმპორტის ზრდა კი პირდაპირ მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრობლემების მასშტაბზე, რომელიც არსებობდა ინდუსტრიაში და 2018-2019 წლებში გამოვლინდა დღგ-სთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ აღურიცხავი საწვავის სახით.

„საკანონმდებლო ცვლილებებით, ნორმატიული აქტების გამოცემითა და ეფექტური ადმინისტრირებით მიღწეული შედეგები პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასთან და, რაც მთავარია, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძე.