ბიუროს სხდომაზე სალომე სამადაშვილისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული, რუსეთის აგრესიის მხარდაჭერაზე ფულადი სანქციების დაწესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება
რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის განდიდებაზე, გამართლებასა და მხარდაჭერაზე ფულადი სანქციების დაწესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა მოამზადეს.
კანონპროექტის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების Z და V სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარებაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 5 000 ლარით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, მასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
ინიციატორები განმარტავენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული, დაფინანსებული და წახალისებული ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც ღიად განადიდებენ, ამართლებენ ან მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და მისგან გამომდინარე სხვა საერთაშორისო დანაშაულებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანა უკრაინაში სჩადის.
მათი ცნობით, ამგვარი აქტები ვლინდება როგორც ვერბალურ მხარდაჭერაში, ისე ე.წ. სიმბოლურ მეტყველებაში, რის მაგალითსაც ნარინჯისფერ-შავი ზოლებით შეფერადებული ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების Z და V საჯარო თავშეყრის ადგილებში დემონსტრაცია წარმოადგენს.