ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძის კანონპროექტის ინიცირება მოხდება, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლას გულისხმობს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლას ითხოვს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, რაც მისი ეფექტიანად და სამართლიანად მუშაობის ხარისხის გაზრდას გამოიწვევს.
„კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, როგორც პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცული და დამოუკიდებელი სამსახურის დაქვემდებარება მოხდება პოლიტიკურად დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოზე – საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც თავის მხრივ, სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან მთავრობის დაქვემდებარებაში 2014 წელს გადავიდა.