პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დრო ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაზუსტდება
პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ ჩაინიშნა, სადაც ბიუროს წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ, 5 მარტს შედგება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური გამოსვლა.
პარლამენტში არსებული პრაქტიკით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის წინასწარ გამართული კონსულტაციების შედეგად წყდება. მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, პრეზიდენტის მიმართვამდე იყო თუ არა მსგავსი კონსულტაციები.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს.
გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს სურს გამოსვლა.