ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაინიცირდება ცვლილებები, რომლებიც პანდემიისას დასანქცირებული პირების ადმინისტრაციული სახდელისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაინიცირდება ცვლილებები, რომლებიც პანდემიისას დასანქცირებული პირების ადმინისტრაციული სახდელისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელისგან და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლება იგეგმება, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.
აღნიშნული ცვლილებები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და ის იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1 855 ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა 5 596 047 ლარს შეადგენს (ფიზიკური პირების მიმართ – 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ – 250 000 ლარი).
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 248/1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს.
„სისხლის სამართლის კოდექსის 248/1 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია ათი ფიზიკური პირის მიმართ. აღნიშნული ათი მსჯავრდებულიდან რვა პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც ექვს მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.