ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7 პროცენტი იქნება
ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7 პროცენტი იქნება

საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიუხედავად მძიმე 2020 წლისა, 2021 წლის გაზაფხულიდან ეკონომიკურმა პარამეტრებმა მკვეთრი გაუმჯობესება აჩვენა.

„2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში რეალური ეკონომიკის კლებამ 11,5%, ხოლო თებერვალში 5,1% შეადგინა. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა პირველად მარტში დაფიქსირდა, თუმცა ჯამურად, პირველ კვარტალში ეკონომიკური კლების მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა. ეკონომიკური პარამეტრები რადიკალურად შეიცვალა აპრილიდან, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა აპრილში 44,8% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები შენარჩუნდა მაისშიც და შედეგად ეკონომიკურმა ზრდამ 25,8% შეადგინა. ჯამში, წინასწარი მონაცემებით, ხუთი თვის ეკონომიკური ზრდა 11,5%-ს შეადგენს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამასთან, დოკუმენტში ასევე საუბარია განახლებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე, რომლის მიხედვითაც 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7 პროცენტი იქნება.

„დადებითი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტისთვის მაისში წარდგენილ 2022-2025 წლების ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებში 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთხელ უკვე განახლდა და 6,5% შეადგინა, თუმცა მაისისა და ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარში კიდევ ერთხელ გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი და 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.