ბიტკოინის ღირებულებამ 12 ათას ამერიკულ დოლარს გადააჭარბა
ბიტკოინის ღირებულებამ 12 ათას ამერიკულ დოლარს გადააჭარბა

ციფრული ვალუტა ბიტკოინის ნომინალის ღირებულებამ 12 ათას ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისში ერთი ბიტკოინი 1000 აშშ დოლარს შეადგენდა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის ფასმა რეკორდული ზრდა დაიწყო. დღეისათვის ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 203 მილიარდი აშშ დოლარია. ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 55 ათას დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, ლიმიტირებულია მისი ოდენობაც.

ბიტკოინის პროტოკოლით, ციფრული ვალუტის გამომუშავება 2040 წლამდე გაგრძელდება და ბაზარზე სულ 21 მილიონი ბიტკოინი იარსებებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკოინს ნომინალები არ გააჩნია, მისი დაყოფა ანგარიშსწორებისას მცირე ნაწილებად ხდება. შესაძლებელია ერთი ბიტკოინის მაქსიმუმ 100 მილიონ ფრაგმენტად დაყოფა.

ბიტკოინის შემქმნელად ოფიციალურ წყაროებში სატოში ნაკამოტო სახელდება. თუმცა, უცნობია, კონკრეტულად ვინ დგას ამ სახელის უკან, ერთი თუ რამდენიმე პიროვნება. ცნობილია, რომ მის ანგარიშზე დღევანდელი კურსით, 8 მილიარდამდე დოლარის ოდენობით კრიპტოვალუტა ინახება.

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 213 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე ვალუტა ეთერიუმია, ერთი ეთერიუმი დღეს 453 $-ია. მესამე ადგილზე პოზიციებს იმყარებს ბიტკოინისგან გამოყოფილი „ბიტკოინი ქეში“, რომლის ღირებულებაც დღესათვის 1527 $ -ია.