ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით, აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულისადმი გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას, Nihon Hidankyo-ს, რომელიც აერთიანებს ბირთვული დაბომბვის შედეგად გადარჩენილებს და რომლის ძალისხმევაც მიმართულია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია წინსვლის გაგრძელება, რათა მსოფლიო საბოლოოდ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ბირთვული იარაღისგან. ამიტომ, მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით მოლაპარაკებებისთვის „წინაპირობების გარეშე“.
„არც ჩვენი ქვეყნების და არც მსოფლიოს ინტერესებში არ არის ბირთვული არსენალების შემცირებაში პროგრესის შეფერხება. ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული საფრთხეების გამო. ეს ბირთვული რისკები ძირს უთხრის ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ჩვენ კოლექტიურად ვმუშაობდით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.