ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაცია რუსეთის სამი სადგურიდან რადიაციის დონის შესახებ მონაცემებს ამ დრომდე ელოდება
ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაცია რუსეთის სამი სადგურიდან რადიაციის დონის შესახებ მონაცემებს ამ დრომდე ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რუსეთში განლაგებული მონიტორინგის ცენტრებიდან ინფორმაციას სევერდვინსკში მომხდარი აფეთქების შემდეგ, არ იღებენ. მათი ცნობით, რუსული ცენტრებიდან რადიაციის დონის შესახებ მონაცემების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები 10 აგვისტოს დაიწყო. კერძოდ, შეწყდა მონაცემების მიღება მოსკოვის ოლქში განლაგებული დუბნეს და კიროვის სადგურებიდან. უკვე 13 აგვისტოს, ანალოგიური შეფერხება ჰქონდა ჩუკოტკასა და ალტაის მხარეში განლაგებულ სადგურებსაც.
„ამას გარდა დროებით გაითიშა იაკუტიაში მდებარე ცენტრიც“ – განაცხადეს ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაციაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამჟამად რუსეთში მდებარე რამდენიმე სადგურიდან მონაცემების მიღება განახლდა, თუმცა სამი სადგური კვლავ გათიშულია.
არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება 8 აგვისტოს მოხდა. დაიღუპა „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქების დეტალები არ გაასაჯაროვა. „როსატომი“ ამტკიცებს, რომ აფეთქება რეაქტიული დანადგართან მუშაობის დროს მოხდა. რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების დროს სევეროდვინსკსა და მის შემოგარენში რადიაციის დონემ ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა.