გუნდურ სპრინტში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ნორვეგიელი მოთხილამურე მარიტ ბიორგენი რეკორდსმენი გახდა ზამთრის ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით. ლეგენდარულ სპორტსმენს 14 მედალი დაუგროვდა და გაუსწრო წინა რეკორდსმენს, თანამემამულე ბიატლონისტს ოლე-ეინარ ბიორნდალენს.
ბიოგენს კარიერაში 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს მოპოვებული. ოქროს მედლების რაოდენობით ის კვლავინდებურად ჩამორჩება ბიორნდალენსა და მოთხილამურე ბიორნ დელის, რომლებსაც რვა-რვა უმაღლესი სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული.
37 წლის ბიორგენისთვის ეს მეოთხე მედალი იყო პიონჩანგში. მან ყველა დისციპლინაში მოიგო მედალი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო. ნორვეგიელს კიდევ ერთი სტარტი რჩება – ოლიმპიადის ბოლო დღეს, 30-კილომეტრიან მას-სტარტში მიიღებს მონაწილეობას.