ბინგოლი, თუნჯელი, ელაზიგი - ეს ქალაქები ტურისტებს დაარწმუნებს, რომ თურქეთი მხოლოდ ზღვა, მზე და ქვიშა არ არის
როცა ვსაუბრობთ თურქეთზე, გასათვალისწინებელია, რომ ეს ქვეყანა ტურისტებისთვის მხოლოდ ზღვა, მზე, ქვიშა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ოლ ინკლუზივი მომსახურება არ არის. ადამიანებს, ძირითადად, ეს წარმოდგენა აქვთ თურქეთზე, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მუსტაფა იალჩინკაიამ, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულმა გიდმა, რომელმაც ამ სამ ქალაქში ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ჯგუფს გაუწია მეგზურობა. სამდღიანი ტურის ფარგლებში ჟურნალისტები აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის, ევფრატის აუზის რამდენიმე ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ორგანიზატორების მოსაზრებით, კავკასიისა და აღმოსავლური ქვეყნებისთვის თურქეთი ახლოა, მათ კი არ აქვთ ვრცელი ინფორმაცია იმ კულტურის შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაშია და რომელიც ტურისტებისთვის შეიძლება ძალზედ მიმზიდველი იყოს.
„ბინგოლი – აღმოსავლეთ თურქეთის ეს ქალაქი არ არის სუპერტურისტული ადგილი, მაგრამ ტურისტების მოთხოვნები, განსაკუთრებით პანდემიის მერე, ძალიან შეიცვალა. ადამიანებს სურთ, აღმოაჩინონ ნაკლებად ცნობილი ადგილები; ტურისტებს უნდათ, გაიცნონ ადგილობრივი მცხოვრებლები და ლოკალური კულტურები“, – აღნიშნავს მუსტაფა იალჩინკაია.
გემრიელი დასვენების მოყვარულებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აქაურობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია კავურმა – თხის ხორცისგან დამზადებული კერძი, რომელიც თავისი სისადავით და გამორჩეული გემოთი ნებისმიერ გურმანს მოხიბლავს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს მხარე ითვლება თაფლის წარმოების ცენტრად და ვიზიტორები მრავალი სახეობის თაფლის დაგემოვნებას შეძლებენ.
ღირსშესანიშნაობებიდან კი აუცილებლად უნდა გამოვყოთ Yüzen Adalar-ი – მცურავი კუნძულები. ამ ადგილზე მოხვედრისას უჩვეულო შეგრძნება გეუფლება, როცა შენს ფეხქვეშ მიწა ღრუბელივით რბილია და თანაც დგახარ მცირე ზომის კუნძულებზე, რომლებიც წყალში მოძრაობენ.
„თუნჯელი პატარა ქალაქია, თუმცა მოსახლეობის განათლების დონით, განსაკუთრებული მენტალიტეტის მოსახლეობით გამოირჩევა ქვეყანაში. ორიგინალური ქალაქია“, – გვიყვება მუსტაფა იალჩინკაია.
გარდა იმისა, რომ მდინარე მუნზირის ხეობაში სიმშვიდით და ბუნების მშვენიერებით დატკბებით, დააგემოვნებთ იქვე დაჭერილი თევზის კერძებს, ისტორიული ადგილების მოყვარულებისთვის აღმოჩენა გახდება თუნჯელის მუზეუმი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თანამედროვე მუზეუმი ცალკე შეიძლება იქცეს ტურისტისთვის ამ ქალაქის მონახულების მიზეზად.
მუზეუმი გამორჩეულია იმით, რომ, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტების გარდა, აქ გაეცნობით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ალევიზმის ისტორიას.
„ელაზიგი გამოირჩევა ვაზის განსაკუთრებული ჯიშებით. საქართველოში ღვინო პოპულარულია, მაგრამ აქაც არის ღვინის განსაკუთრებული სახეობები და ეს ქალაქი ამ მიმართულებით არის ლიდერი მხარე. Eskibağlar-მა აქ შექმნა პატარა საფრანგეთი, საინტერესო ადგილია“, – ამბობს მუსტაფა იალჩინკაია.
ელაზიგი არის უძველესი ქალაქი ჰარპუთი, სადაც ურარტუს, რომის იმპერიის, ბიზანტიის დროინდელი ნაგებობებია შემონახული, რომელთა მონახულებაც ისტორიაში გამოგზაურებთ.