ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინასების წესი იცვლება. თბილისის მერია სრულად დააფინანსებს პროექტს იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10%-ს წარმოადგენს.
ეს გადაწყვეტილება დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კახი კალაძის თქმით, ამ მიმართულებით 28 მლნ ლარია გამოყოფილი.
„დაახლოებით 28 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით 2018 წელს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი იყოს ძალიან ეფექტური. ნაცვლად არსებული პრაქტიკისა, ყველა ინფრასტრუქტურა განხორციელდება ტენდერების საფუძველზე, რომლებსაც გამგეობები გამოაცხადებს. იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ თანადაფინანსებით და ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული – 10, 20, 30%. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილებები. 100%-ით დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10%-ს წარმოადგენს და საერთო კრებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დამატებით რა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ შემდგომ ამ თანხას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას, რაც მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს, რომელიც ასევე გამორიცხავს კორუფციის რისკებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.