„ბილდი“ - ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.
ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.
როგორც გამოცემა წერს, წერილში ორბანი მიშელს უკრაინის, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებსა და დონალდ ტრამპთან ბოლო მოლაპარაკებების შესახებ „მოკლე შეფასებას“ აწვდის, ასევე, „სთავაზობს წინადადებებს განსახილველად“.
წერილში ორბანი მოუწოდებს ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებას „სამშვიდობო კონფერენციაზე“ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე, წერს ტრამპთან მოლაპარაკებების შესახებ და აკრიტიკებს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომელსაც, ორბანის თქმით, „არ შეუძლია, შეცვალოს აშშ-ის ამჟამინდელი სამხედრო პოლიტიკა და, შესაბამისად, არ შეუძლია ახალი პოლიტიკის დაწყება“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს აფრთხილებს, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ევროკავშირს ძვირად დაუჯდება.
„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ჭრილში, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეიცვლება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.