„ბილდი“ - რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ
მომავალ კვირას ბუდაპეშტში, შესაძლოა, ახალი „მარცვლეულის შეთანხმება” გაფორმდეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ შეთანხმებას ამზადებენ, რომელიც ვადაგასული შეთანხმების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
„ბილდი“ წერს, რომ ახალი შეთანხმების შესახებ 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და რუსეთისა და თურქეთის საელჩოებს შორის ოფიციალურ მიმოწერებზე წვდომის შედეგად შეიტყო.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების მიხედვით, რუსული მარცვლეული ძირითადად აფრიკის ქვეყნებში გაიგზავნება. ამავდროულად, ანკარას სურს მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს.
შემუშავებული გარიგების მიხედვით, თურქეთი აფრიკაში რუსული მარცვლეულის მიწოდების ორგანიზატორი იქნება, ხოლო კატარი – მათი სპონსორი. ანკარა, ასევე, გაერო-ს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის.