„ბილდი“ - ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შემდგომი ესკალაციის საფრთხის გამო არ მოიწონა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შემდგომი ესკალაციის შიშით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები უარყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.
კერძოდ, შოლცმა გააკრიტიკა ზელენსკის გეგმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ.
„ბილდის“ თანახმად, შოლცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება, რათა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომი არ გადაიზარდოს ომში რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის.
„ბილდის“ ინფორმაციით, შოლცმა განაცხადა, რომ ვერაფერი აიძულებს, შეცვალოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
შოლცმა ასევე თქვა, რომ დაბლოკავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სწრაფ მიწვევას.