ბილ კიტინგი - უდანაშაულო მოქალაქეებმა გადაიტანეს ომი რუსეთის აგრესიის გამო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ზიანი განიცადეს მოლდოველებმა, ქართველებმა და უკრაინელებმა
უდანაშაულო მოქალაქეებმა გადაიტანეს ომი და ნგრევა რუსეთის აგრესიის გამო, არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან, რამხელა ზიანი მიაყენა კონფლიქტებმა მოლდოველების, ქართველებისა და უკრაინელების ახალგაზრდა თაობებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბილ კიტინგმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პუტინის გაყინული კონფლიქტები“.
ბილ კიტინგმა მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანაში რუსეთის ინტერვენცია იყო განსხვავებული.
„თუ რეგიონს შევხედავთ, უკრაინა ერთ-ერთი ბოლოა, სადაც რუსეთმა განათავსა დანაყოფები ყოფილი საბჭოთა მეზობლის საზღვრების დესტაბილზაციისთვის. დღეს ჩვენ ვუყურებთ კონფლიქტებს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. თითოეული მათგანი სხვადასხვა ათწლეულში მოხდა და თითოეულ ქვეყანაში რუსეთის ინტერვენცია იყო განსხვავებული. დღეს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები კვლავ ვერ ფლობენ სრულ კონტროლს საკუთარ საზღვრებზე და ყველა ეს ქვეყანა არის არასახარბიელო სიტუაციის ხაფანგში, როდესაც ისინი ისწრაფვიან მნიშვნელოვანი რეფორმებისკენ დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და დასავლეთთან ურთიერთობების დაახლოებისკენ და ამავე დროს, არ აქვთ საშუალება მართონ სრულად ქვეყანა და ემსახურონ ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა.
კიტინგმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოში 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მოქალაქე დაიღუპა კონფლიქტის შედეგად და 20 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ამჟამად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. ეთნიკური ქართველები განიცდიან შევიწროებას და დევნას, მათ არ აქვთ წვდომა საბაზისო მომსახურებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“, – განაცხადა ბილ კიტინგმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს კონფლიქტები შეფასდეს რამდენიმე მიზეზის გამო.
„ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მათ შორის არის ის, რომ უდანაშაულო მოქალაქეებმა გადაიტანეს ეს ომები და ნგრევა რუსეთის ქედმაღლობისა და აგრესიის გამო. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან, თუ რამხელა ზიანი მიაყენა ამ კონფლიქტებმა მოლდოველების, ქართველებისა და უკრაინელების ახალგაზრდა თაობებს. მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნები არიან პროდასავლურები, რომ ისინი მუშაობენ დემოკრატიისა და ევროპასა და აშშ-თან კავშირების გასაძლიერებლად როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მხრივ. ისინი არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“, – განაცხადა ბილ კიტინგმა.