ბილ გეითსი - ვაქცინის განაწილება ურთულესი პრობლემაა, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებზე, მთავრობებსა და წამლის მწარმოებლებზე ზეწოლას ზრდის
ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეითსის თქმით, ღარიბი ქვეყნები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მდიდრებზე 6-8 თვით გვიან მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა მილიარდერმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ბილ გეითსის თქმით, ვაქცინების განაწილება ურთულესი პრობლემას წარმოადგენს, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებზე, ქვეყნების მთავრობებსა და წამლების მწარმოებელ კომპანიებზე ზეწოლას ზრდის.
„ყველა პოლიტიკოსზე ხორციელდება ზეწოლა, რათა აიძულონ, რომ მათმა ქვეყანამ ვაქცინების რიგში წინ წაიწიოს“, – განაცხადა გეითსმა.
ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში 1,75 მილიარდი დოლარი გადარიცხა. თანხის ნაწილი გადაირიცხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივაში „კოვაქსი“, რომელიც ვაქცინების თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას უნდა მოემსახუროს.
ამერიკელმა მილიარდერმა ასევე ისაუბრა „კოვიდ-19“-ის გარშემო გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებზე და მათ „სიგიჟე“ და „ბოროტება“ უწოდა. გეითსის თქმით, მას სურს, გაიგოს, რა დგას ამ თეორიების უკან.
„მომავალ წელს ამ საკითხზე ცნობიერება უნდა ავამაღლოთ და გავიგოთ, როგორც მოქმედებს ეს თეორიები ადამიანებზე და როგორ უნდა შევამციროთ ეს ეფექტი“, – განაცხადა გეითსმა.
პანდემიის პერიოდში ინტერნეტში არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა, რომელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ „კორონავირუსის პანდემია ბილ გეითსმა გამოიწვია, რათა ადამიანებს ვაქცინების დახმარებით ადამიანებს მიკროჩიპები ჩაუდგას და კაცობრიობა გააკონტროლოს“.