ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილი ქაშვეთის ტაძარში მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.

სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ.