პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც (https://stopcov.ge/ka/Fund) აისახა.
კერძოდ, მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.
სოციალურ ქსელში ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა და გამოითქვა ვარაუდი, რომ თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა.
საქართველოს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეტიანს დაუკავშირდა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვა ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.