ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით, ასევე შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით, ასევე შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით

ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული თანხებით, ასევე შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის.

„2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს, მშენებლობის განახლების მიზნით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა. პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. თავდაპირველი გათვლებით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება, დაგეგმილთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად, პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული, სავარაუდოდ, განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, „მტკვარი ჰესი“ იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში. ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტისა და, ზოგადად, ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ, რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს, რომ პასუხისმგებლობა არ აცდებოდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე, ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით, საზღვარგარეთაც), რაც, დაზარალებული მხარის პოზიციით, აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩემი მარწმუნებულის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა. ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის. ვფიქრობ, საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ის გარემოებები/საფუძვლები, რის გამოც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

აქვე მოკლედ შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, თითქოს ჩემი მარწმუნებლის მხრიდან მისი დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება უკავშირდება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება.

ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან თავის დროზე ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი.

დაბოლოს, ვინაიდან კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ არის რეგულარულ რეჟიმში ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნას აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე. მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით და, მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე პროცესი 6 ივლისს გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.