ბიძინა ივანიშვილი - ვწერდი აშშ-ის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას აზრი არ ექნება, რადგან სულ მქონდა და დღესაც მაქვს კომპლექსი, რომ ქვეყნის საზიანოდ, პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო
შეხვედრებზე როდესაც იყო საუბარი, რამდენჯერმე კარგად განვმარტე, შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.
„ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი ამას, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით. მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს, სადაც გინდათ, იქით მივმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთან არის კავშირში. ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ თუგინდ ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, არა, პოზიცია დავაფიქსირო, მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. აი, ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი. მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი, ეს იყო ყველაფერ ამის მიზეზი, რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ, პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და ბოდიშს ვუხდიდი, არ იფიქროთ, რომ თავხედი, ამაყი ვარ, კარგად ვუმარტავდი, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი, ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე. აი, ეს იყო მიზეზი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.