ბიძინა ივანიშვილი - დასჯამ, სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს, საზოგადოება უფრო ღიზიანდება განცხადებებით, რომლებიც არაკორექტულია და ხშირად ობიექტურობას სცილდება
განცხადებები ძირითადად შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ის, ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“, მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით, რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც არაკორექტული და არაობიექტურია. ასევე, უკუშედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს.
„საზოგადოება უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომლებიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო. რაც შეეხება დასჯასა და სანქცირებას, ესეც რაც გააკეთეს, ვფიქრობ, რომ ამანაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით ველოდებით თუ არა? პირადად მე აღარ ველოდები. მგონი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ, გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა. მე საზოგადოებას ვეუბნები აბსოლუტურად დარწმუნებით, რამეთუ მთელი დღე, 24 საათი ამით ვარ დაკავებული, რეგიონებიც კარგად ვიცი და ქალაქიც, ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.