ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი დაბრუნებით ხელისუფლების მართვის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს, მე მაქვს ეს პრეტენზია
მხოლოდ იმისთვის დავბრუნდი პოლიტიკაში, რომ ვერ ვხედავდი სხვა ძალას, რომელიც გასაკეთებელს გააკეთებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მთავრობაში ცვლილებების შემდეგ, საქართველოს ძალიან ეფექტური მთავრობა და ინოვაციური პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა 2012 წლის არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე და აღნიშნა, რომ არჩევნების წინ ჩატარებულ მიტინგზე საქართველოს 700 000 მოქალაქე გავიდა.
„ასეთი მობილიზაცია იყო საქართველოში, იმდენად გამწარებულები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თუმცა მეც მქონდა გარკვეული რესურსი, მაგრამ ძირითადი ეს გახლდათ. მე გავამართლე ეს იმედი, დღესაც მგონია, რომ მოსახლეობის ჭარბი ნდობაც კი გამაჩნია. ამ ნდობას, მე მოსახლეობასვე ვუბრუნებ. მაქვს მენეჯმენტის გამოცდილება, კარგად და კრიტიკულად ვუყურებ ხელისუფლებას, მათ რიცხვში კვირიკაშვილის მთავრობას და როდესაც ვნახე, რომ შეიძლება ისე გაგრძელება ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, დაბრუნება მომიწია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ცუდი არაფერია იმაში, რომ მის სიტყვას ფასი აქვს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას არც პოლიცია ჰყავს, არც ჯარი, არამედ ერთადერთი რაც აქვს, ეს საზოგადოებრივი ნდობაა.
გარდა ამისა, ივანიშვილის თქმით, ის გიორგი კვირიკაშვილს აფრთხილებდა, რომ არასწორად მოქცევის შემთხვევაში, ამას ხმამაღლა იტყოდა.
„კვირიკაშვილს მივანიშნებდი, რომ მე გამოვალ და ხმამაღლა ვიტყვი. ახლა როგორ განვითარდა მოვლენები, აღარ დავუბრუნდები ამ თემას. დღევანდელ პრემიერთან მიმართებითაც იგივე დამოკიდებულება მაქვს. პრემიერი დღეს კონსტიტუციით მინიჭებულ მოვალეობებს ასრულებს. არავინ იფიქროს, რომ ყველა მინისტრი მე დავნიშნე. არც კი ვიცნობდი და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს გავიცანი ერთ-ერთი მინისტრი.
მე მაქვს უამრავი ფუნქცია, მყავს პოლიტსაბჭო, ვარ პარტიის თავმჯდომარე, მთელი პარლამენტი და მთელი ადგილობრივი მმართველობები არიან პარტიის წევრები, პარტიაში კიდევ სამი საბჭოა: ეკონომიკური, საგარეო, სოციალური, პოლიტიკა და განათლება. აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გამაჩნია, რომ ჩავერიო ყველა დონეზე და უფრო კარგად ვიცოდე, რა ხდება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამაში ცუდი არაფერია. ბიძინა ივანიშვილის აზრით, პოლიტიკაში მისი დაბრუნებით ხელისუფლების მართვის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს.
„ვფიქრობ, ჩემი შემობრუნებით ხელისუფლების მართვის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს და მე მაქვს ეს პრეტენზია. ამავდროულად, გაჩნდა ეჭვები, თითქოს სახელმწიფო თავის ფუნქციას კარგად ვეღარ ასრულებს. ვისაც არ უნდა, ყველა ქუჩაში გამოდის. ბიზნესი, რომელიც არ უხდის ბიუჯეტს ფულს, გარბის „რუსთავი 2“-ში და იქიდან გვემუქრება, გვაშანტაჟებს გაურკვევლად, დღემდე ვერ გაარკვია, ვის გადაუხადა ფული, ეკა კვესიტაძეც ვერ პასუხობს მაგას, მაგრამ კორუფციაში ადანაშაულებენ მთელ სახელმწიფოს. შეგვიძლია, დღეს ევროპულ სახელმწიფოებს შევეჯიბროთ, თუმცა არა დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების ფაქტზე, არა იმ ღირებულებების შესუსტების ხარჯზე, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, კიდევ უფრო გავზარდოთ სახელმწიფოს მართვის ეფექტურობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.