ბიძინა ივანიშვილი - ვამაყობ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მედია არის ხელშეუხებელი
ბიზნესს ადრე ხელისუფლება თუ აშანტაჟებდა ტოტალურად, დღეს პირიქითაა, ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, კითხვაზე, რას გულისხმობს მომავალ ერთ წელში დაგეგმილ ცვლილებებში და ხომ არ არის საუბარი მედიაში ცვლილებებზეც.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ამაყობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედია ხელშეუხებელია.
„პირადად მე, რითაც ვამაყობ, რაც მოვედი ხელისუფლებაში, 2012 წლიდან, პირველი ის არის, რომ მედია არის ხელშეუხებელი, ისევე, როგორც ბევრი ინსტიტუტი, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. მაქსიმალურად მყარად უნდა დადგნენ და ხელშეუხებელი იყვნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ გუნდში არ უნდა გაჩნდეს ცდუნებაც კი, რომ ამ მხრივ განვითარების ნაცვლად, თუნდაც ცვლილებები დაიწყოს.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ამის არანაირი მაგალითები არ არსებობს და დღეს პირიქით, ბიზნესი ცდილობს, ხელისუფლების დაშანტაჟებას.
„დღეს პირიქითაა, თუ ადრე ხელისუფლება აშანტაჟებდა ბიზნესს ტოტალურად და გახსოვთ, როგორ იმართებოდა მათ რიცხვში მედიაც – „მაესტრო“ კარგად გაიხსენეთ, ვინც ოდნავ წინააღმდეგობის გაწევას ახერხებდა, როგორი წნეხის ქვეშ იყო, „იმედში“ რა მოხდა, „იბერია“ გაიხსენეთ რა და როგორ მოხდა.. მაგათ დროს იყო ტოტალურად შანტაჟირებული მთელი ბიზნესი, მათ რიცხვში მედიაც. დღეს გვაქვს მაგალითები, რომ პირიქით, ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მედიის ან ბიზნესის შანტაჟის არც ერთი მაგალითი არ გვაქვს, გარდა ამ გაურკვეველი ჩანაწერებისა და ისიც აბსოლუტურად ყირაზე არის დაყენებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის პოლიტიკაში მაისში დაბრუნდა ივნის-ივლისში ახალი ხელისუფლება დამტკიცდა. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა ძალიან რთულია და ამას ძალიან ძლიერი გუნდი სჭირდება.
„ამ ფორმით მართულ ხელისუფლებას უკვე დაეტყო, რომ ჯერ გუნდში ვერტიკალი სუსტი იყო. ეს ვთქვი რამდენჯერმე, ძალიან ხშირად, მარჯვენამ არ იცოდა მარცხენა რას აკეთებდა. ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა. დემოკრატიული მეთოდებით ღარიბი სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული. საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მმართველობით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით. შესაბამისად, ის, რომ გაჩნდა ეჭვები და ჩანდა, თითქოს, სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ერთადერთი, ვისაც აქვს ამავდროულად ძალის გამოყენების უფლება. ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, მას შეიძლება სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამის მაგალითია ის, რაც ტელეკომპანია „იბერიასთან“ და ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით მოხდა.
„ამის მაგალითია, რაც მოხდა „იბერიასა“ და ოქუაშვილთან დაკავშირებით. კაცი არ იხდის ჯიუტად იმას, რაც ბიუჯეტში გადასახდელია და აშანტაჟებს ხელისუფლებას. ის კი არ ხდებოდა, რომ ხელისუფლება.. არამედ პირიქით ხდება, მაგრამ ასე ჯობს იმას, რაც იყო. ოღონდ ამას გამკლავება სჭირდება, გამკლავება სუფთა ხელებით, ისე, რომ არ დავარღვიოთ დემოკრატიული პრინციპები და არ მოხდეს, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც უჭირს ამასთან გამკლავება, რაღაც სხვა მეთოდებს მიმართოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ამიტომაც საჭიროა ძლიერი ვერტიკალი და მენეჯმენტი, გუნდში ლიდერების სწორი შერჩევა.
„ასეთ ფორმებსაც სჭირდება ძალიან ძლიერი ვერტიკალი, ძალიან კარგი მენეჯმენტი, გუნდის ძალიან სწორი შერჩევა, უფრო გასუფთავებული შერჩევა გუნდში ლიდერების, ყველას თავისი ადგილის და თავისი ფუნქციების შესრულება და რაც მთავარია, გუნდში სინქრონიზაცია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.