ბიძინა ივანიშვილი - უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ
ბიძინა ივანიშვილი - უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის  და ქვეყნის მტერია, ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში. „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს, „ქართულ ოცნებას“ უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რადგან არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს.

„როგორც კი ეს ძალა გაიწევა, უამრავი ოპონენტი გაუჩნდება „ქართულ ოცნებას“, მე ამ დღეს ველოდები, ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე. არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს კარგსა და უკეთესს შორის. დღეს რა არჩევნები ტარდება? მუდამ ვებრძვით, როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ, როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ, არ მივცეთ ამ ქვეყნის დამაქცევრებს ისევ ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა. მოდის ბოროტი ძალა, ენერგია არ იშრიტება, რადგან უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების მოგება კი არ არის გადამწყვეტი, არამედ გადამწყვეტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე მოვიშოროთ ეს ჭირი. გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, 27-ში, შეიძლება, ხორავას ქუჩის მსგავსი რაღაც გაუგებრობა მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ. შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი. თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება. „ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა. ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა. პრეცედენტი უამრავია პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასეთი კარგი საფუძველი, ჩვენ რომ გვაქვს, შეიძლება, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა, გახსოვთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.