ბიძინა ივანიშვილი - უცხო ქვეყანას აქვს გამოკვეთილი ინტერესი, საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და, განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, მივიღებთ კატასტროფას
წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას აქვს გამოკვეთილი ინტერესები, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, საზოგადოებას აქვს ძალიან მარტივი არჩევანი გასაკეთებელი, ვინაიდან დღეს ხალხი ირჩევს ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ მთავრობას ან უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელთა დავალებაა, საქართველო მყისიერად ჩაერთოს ომში.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც წლევანდელი არჩევნები და დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია, მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, აქვს სასწრაფო დავალება, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.