ბიძინა ივანიშვილი - შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორით, დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის
შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ნებისმიერ, მათ შორის, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს“.
„წლებია, აჭარაში ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. ამასთანავე, აჭარლებს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონდეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, უმასპინძლონ სტუმრებს და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის. ამ უდიდესი პროგრესის მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იგრძნობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი უწინაც და ახლაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მათი უცხოელი პატრონების დახმარებით, მზად არიან, 2008 წლის ღალატის მსგავსად, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და კიდევ ერთხელ დაატრიალონ ტრაგედია, რაც ადამიანების სიცოცხლის, დამატებით, დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა. უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.