ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთი მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ზედმიწევნით კარგად იცის, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე საქართველოში.
როგორც მან პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღემდე მწვავეა უმუშევრობის, დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, პენსიების პრობლემა ამის პარალელურად კი, ცხოვრება ძვირდება.
„ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა. სწორედაც რომ თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ქვეყანაში არსებულ თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატიას, ეკონომიკური განვითარების დონე ბევრად ჩამორჩება.
„ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთი მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორე მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა.
„ამ დისპროპორციის, ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა – პირიქით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, აუცილებლად შენარჩუნებულ უნდა იყოს დემოკრატიის მაღალი დონე და ასევე, საჭიროა მუდმივი ზრუნვა მის განვითარებაზე.
„აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა.
ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და სამი პრობლემა გამოყო, რომლებიც მისი შეფასებით, არსებულ გამოწვევებს განსაზღვრავენ და ამისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან. „პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა მან.