ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებები რომ არა, რუსეთი ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას, ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებები რომ არა, რუსეთი ვერ მოახერხებდა მრავალსაუკუნოვანი ოცნების ახდენას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია. ბიძინა ივანიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს ომის თავიდან აცილება შეეძლო.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში გარკვევით წერია, ვინ, რა და როგორ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ რეზოლუციაში ჩაწერილებს იმეორებდა, როდესაც აგვისტოს ომზე საუბრობდა.
„ის, რაც არ წერია ამ რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს, მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილები გაიმეორა. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში გარკვევით წერია, ვინ, რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაციები აბსოლუტურ თანხვედრაშია.
კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ არა მაშინდელი ხელისუფლების, წინდაუხედავი ყველაზე რბილი ნათქვამია, გინდაც მოღალატეობრივი ქმედება, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს.
სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. მან თავისი გაუაზრებელი და მოღალატეობრივი ქმედებებით საშუალება მისცა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული.
ყველას ავიწყდება სხვა დანარჩენიც, რომ 183 ჩვენი თანამოქალაქე, 169 ჯარისკაცი და 14 პოლიციელი დაიღუპა. პატრიარქის მეოხებით მოხდა მიტოვებული ცხედრების გამოყვანა და ამ დროს ესენი რუსთაველზე ტაშ-ფანდურს მართავდნენ.
ასევე ამ ხალხმა ცოცხალი ჯარი მიატოვა. ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა. როდესაც რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ხმა მისცეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ, რა ქმედება ჩაიდინა, რასაც იმეორებს ქალბატონი სალომე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.