ბიძინა ივანიშვილი - საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, მოურიდებლად ცდილობს, კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება
მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს, კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა.
„გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას. ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა. ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმადქცეული მოვლენა იყო.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდანგა დაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.