ბიძინა ივანიშვილი - საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან, არ დაგავიწყდეთ, ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს ისევ ჩვენ ვეიმედებით
ფაქტია, რომ ყველა წარმატება, რისი მიღწევაც „ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ამომრჩევლებთან მიმართვისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს
„მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს. ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი – ჩვენი ძმები და დები არიან. გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი.
ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ვერავინ და ვეღარასდროს გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს მათ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს – კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი – ღირსეული სიბერე. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. მოდით, კვლავაც ერთად ვატაროთ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე და კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს წარმატებისთვის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.